top of page

შრომის ნებართვის სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოში



საქართველოში ამოქმედდა შრომის ნებართვის ახალი მოთხოვნები, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლის როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების, ასევე აწესებს ახალ ვალდებულებებს დამსაქმებლებისთვის. ახალი რეგულაციები განსაზღვრავს უფრო მკაცრ შესაბამისობის პროცედურებს, ამკაცრებს დამსაქმებელთა პასუხისმგებლობას და აწესებს ახალ დოკუმენტაციის სტანდარტებს. თუ გეგმავთ საქართველოში მუშაობას ან უცხოელი სპეციალისტის დასაქმებას, აღნიშნული ცვლილებების სრულყოფილი გაცნობა აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ ჯარიმები, პროცედურული შეფერხებები და სამართლებრივი რისკები. ქვემოთ სტატიაში განვიხილავთ ძირითად სიახლეებს და განვმარტავთ ახალ პროცედურებს არარეზიდენტი შრომითი მიგრანტების დასაქმებასთან დაკავშირებით.

Work Permit Application form, Georgian National Flag, Passport



ვისზე ვრცელდება ახალი წესი?

  • ახალი წესი ვრცელდება მუდმივი ბინადრობის მოწმობის არ მქონე ნებისმიერ არარეზიდენტ პირზე, რომელსაც სურს (ანაზღაურებად) შრომით ურთიერთობაში შევიდეს ქართველ დამსაქმებელთან (როგორც  ადგილზე ასევე დისტანციურად).

  • ახალი წესი ვრცელდება მუდმივი ბინადრობის მოწმობის არ მქონე ნებისმიერ არარეზიდენტ პირზე, რომელსაც სურს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით აწარმოოს საქმიანობა საქართველოში მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მისი კონტრაქტორი - ქართველი მხარე თუ უცხოელი მხარე. 


(შემდგომში მოხსენიებული როგორც შრომითი მიგრანტი).


ვრცელდება თუ არა ახალი წესი კომპანიის დირექტორებზე და პარტნიორებზე?

  • სააგენტოს ამჟამინდელი პოზიციის შესაბამისად, შრომის ნებართვის მიღების ვალდებულება ვრცელდება კომპანიების დირექტორებზე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, პარტნიორებზე/დამფუძნებლებზე.

  • მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოთხოვნა მრავალ კითხვას აჩენს, სააგენტოს მხრიდან დამატებითი განმარტებები ამ ეტაპზე არ გაკეთებულა. სააგენტოს მიმდინარე პოზიციის თანახმად, ზემოაღნიშნულ პირებზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც თვითდასაქმებულ შრომით მიგრანტებზე.


ვისზე არ ვრცელდება ახალი წესი?

  • სპეციალური სტატუსის მქონე პირებზე: ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი და ა.შ.;

  • დიპლომატიური მისიის წევრებზე;

  • უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებზე;

  • საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სპეციალურ პირებზე;

  • საინვესტიციო ბინადრობის მქონე პირებზე


ვინ უნდა წარადგინოს შრომის ნებართვის მოპოვებაზე განაცხადი?

  • შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში განაცხადი ელექტრონული სახით გადაიგზავნება დამსაქმებლის მიერ სააგენტოს ვებ-გვერდზე www.labourmigration.moh.gov.ge. განაცხადი უნდა დადასტურდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

  • თვითდასაქმებული შრომითი მიგრანტის (ინდივიდუალური მეწარმე) შემთხვევაში განაცხადი წარედგინება თავად თვითდასაქმებული შრომითი მიგრანტი მიერ ელექტრონულად სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.labourmigration.moh.gov.ge


რა დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს სააგენტოს შრომის ნებართვის მისაღებად?

  • შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში:

    • დანართი 1-ით გათვალისწინებული ინფორმაცია - დადასტურებული ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით;

    • განაცხადის გაგზავნის საფასურის გადახდის შესახებ ქვითარი;

    • მოცემულ შემთხვევაში შრომითი უფლება გაიცემა კონკრეტულ დამსაქმებელთან, კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე;

  • თვითდასაქმებული შრომითი მიგრანტის შემთხვევაში:

    • დანართი 2-ით განსაზღვრული შევსებული ფორმა;

    • მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი;

    • ვიდეო გასაუბრება - განაცხადის გაგზავნის შემდგომ სააგენტო არარეზიდენტს დაუნიშნავს ვიდეო გასაუბრებას. ვიდეო გასაუბრების ბოლოს არარეზიდენტი პირი ადასტურებს მიერ შრომის ნებართვის განაცხადის გაკეთების ფაქტს.

    • მოცემულ შემთხვევაში შრომითი უფლება გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე ან/და საქმიანობის კონკრეტულ სფეროზე.

  • იმ შემთხვევაში თუ შრომით მიგრანტს უარი ეთქვა შრომის ნებართვის გაცემაზე განმეორებითი განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა არსებობს პირველად განაცხადზე უარყოფითი პასუხის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

  • შრომის ნებართვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში უარის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.


რა დამატებით ვალდებულებებს წარმოშობს ახალი წელის შრომითი მიგრანტისათვის?

  • შრომითი მიგრანტის მიერ შრომის ნებართვის მოპოვების შემდეგ აგრეთვე სავალდებულოა ქვემოთ მითითებული კატეგორიის ვიზის ან ბინადრობის მოპოვება მითითებულ ვადებში:

    • იმ შემთხვევაში თუ შრომითი მიგრანტი ჯერ არ იმყოფება საქართველოში - შრომის ნებართვის მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, შრომითმა მიგრანტმა უნდა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს ან საკონსულო დაწესებულებებს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად;

    • ასეთ შემთხვევაში მოპოვებული შრომის ნებართვა ძალაში შედის D1 კატეგორიის ვიზის მოპოვების დღიდან და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

    • იმ შემთხვევაში თუ შრომითი მიგრანტი უკვე იმყოფება საქართველოში - შრომის ნებართვის მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, შრომითმა მიგრანტმა უნდა მოიპოვოს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ბინადრობის ნებართვა:

      • შრომითი ბინადრობის ნებართვა - ასეთ შემთხვევაში გაცემული შრომის ნებართვა ძალაში შედის შრომითი ბინადრობის უფლების მიღების მომენტიდან და მოქმედებს 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

      • ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა;

    • ქვემოთ მითითებული გარემოებების დროს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის შემთხვევაში შრომის ნებართვა გაიცემა 3 წლამდე ვადით:

      • D1 კატეგორიის ვიზის საფუძველზე გაცემული შრომის ნებართვა;

      • ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის საფუძველზე გაცემული შრომის ნებართვა;

      • სხვა ნებისმიერი ტიპის ბინადრობის უფლების საფუძველზე გაცემული შრომის ნებართვა;

    • შრომით მიგრანტს არ აქვს ზემოთ მითითებული ბინადრობის ნებართვების მიღების ვალდებულება თუ:

      • შრომის ნებართვის განაცხადის წარდგენისას მას უკვე ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე ტიპის ბინადრობის ნებართვა - ასეთ შემთხვევაში გაცემული შრომის ნებართვა ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან და მოქმედებს 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

      • თუ შრომითი / სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება სრულად დისტანციურად და ის არ მოითხოვს შრომითი მიგრანტის საქართველოში შემოსვლას;


რა დამატებითი ვალდებულებებს წარმოშობს ახალი წესი ადგილობრივი დამსაქმებლებისთვის?

  • იქამდე სანამ არარეზიდენტ იმიგრანტს დაასაქმებს, ქართველი დამსაქმებელი ვალდებულია 10 სამუშაო დღით ადრე იმავე პოზიციაზე დასაქმების განაცხადი გააგზავნოს დასაქმების სააგენტოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.worknet.moh.gov.ge

  • სააგენტომ საკუთარი ბაზიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს დამსაქმებელს შესაბამისი პოზიციისათვის გამოსადეგი ქართველი სამუშაოს მაძიებელი პირი. თუ სააგენტომ ვერ წარადგინო შესაბამისი ქართველი კანდიდატი მითითებულ ვადაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს სტანდარტული წესით ელექტრონულად, ვებგვერდზე: www.labourmigration.moh.gov.ge.

  • იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი დაიწუნებს სააგენტოს მიერ მოძიებულ ქართველ კანდიდატს იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს სააგენტოს და წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება. დასაბუთების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო განიხილავს უარის მიზეზებს და აცნობებს დამსაქმებელს შეუძლია თუ არა მან განახორციელოს იმიგრანტის შრომითი ნებართვის განცხადების წარდგენა (შესაბამისად სააგენტო ამოწმებს რამდენად დასაბუთებულია ქართველი კანდიდატის დაწუნების არგუმენტაცია და არგუმენტაციის გაზიარების შემთხვევაში თანხმობას გასცემს დამსაქმებელმა გააკეთოს განაცხადი უცხოელი იმიგრანტის შრომის ნებართვის მოპოვებაზე ზემოთ მითითებული სტანდარტული წესით ვებგვერდზე: www.labourmigration.moh.gov.ge).

  • ზემოთ მითითებული წესი არ ვრცელდება სპეციალურ საგამონაკლისო შემთხვევებზე: როდესაც დამსაქმებელი არის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანია, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანია და ა.შ.

  • შრომით იმიგრანტთან შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ქართველი დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს 5 კალენდარული დღის ვადაში შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ პორტალზე  www.labourmigration.moh.gov.ge).

  • იმ შემთხვევაში თუ შრომით მიგრანტს რაიმე გარემოების გამო შეუწყდა შრომის ნებართვა, აღნიშნულის შესახებ დამსაქმებელს ეცნობება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თავის მხრივ დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა შრომით მიგრანტთან 5 კალენდარული დღის ვადაში და აცნობოს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე www.labourmigration.moh.gov.ge


რა ვადებში ხდება შრომის ნებართვის განაცხადების განხილვა და რამდენია განაცხადის განხილვის საფასური?

  • სტანდარტული განაცხადის განხილვის ვადა შეადგენს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს და მისი ღირებულება არის - 200 ლარი

  • დაჩქარებული წარმოების შემთხვევაში განხილვის ვადა არის არაუმეტეს 10 კალენდარული დღე ხოლო მომსახურების საფასური - 400 ლარი

  • შრომითი საქმიანობის უფლების გაგრძელების განაცხადის განხილვის ვადა არის არაუმეტეს 30 კალენდარული დღე, ხოლო მომსახურების საფასური - 200 ლარი


რა შემთხვევაშია უფლებამოსილი სააგენტო, შეწყვიტოს შრომით მიგრანტზე გაცემული შრომის ნებართვა?

  • შრომითი საქმიანობის შემთხვევაში - შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში;

  • თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი ფაქტობრივად არ მუშაობს ან საქმიანობს იმ პოზიციაზე ან სფეროში რაზეც სააგენტოს მიერ გაცემულია შრომის ნებართვა, აგრეთვე თუ გადამოწმებისას დადგინდა, რომ შრომითი მიგრანტი მუშაობს სხვა პოზიციაზე ვიდრე ეს შრომის ნებართვით იყო გათვალისწინებული;

  • თუ შრომით იმიგრანტს შეუწყდა D1 კატეგორიის ვიზა და მას არ აქვს მიღებული ბინადრობის ნებართვა;

  • თუ შრომითი იმიგრანტის ბინადრობის ვადა ამოიწურა ან ბინადრობა შეწყდა;

  • თუ შრომითმა მიგრანტმა დადგენილებით გათვალისწინებულ ვადაში არ მიმართა შესაბამის უწყებას D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად;

  • თუ შრომის ნებართვის მიღების შემდგომ შრომით მიგრანტს უარი ეთქვა D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მიღების თაობაზე;

  • შრომითი მიგრანტის საქართველოდან გაძევების პროცედურების დაწყების შემთხვევაში;

  • თუ თვითდასაქმებული (ინდივიდუალური მეწარმე) მიგრანტი შრომის ნებართვის მიღების შემდგომ დატოვებს საქართველოს საზღვრებს უწყვეტად 6 თვეზე მეტი ვადით.


როგორ ხორციელდება შრომის ნებართვის ვადის გახანგრძლივება?

  • შრომითი საქმიანობის ვადის გასახანგრძლივლებლად შრომითი ურთიერთობის შემთხვევაში დამსაქმებელმა, ხოლო თვითდასაქმებულის შემთხვევაში - თვითდასაქმებულმა, შრომის ნებართვის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღის ადრე, ელექტრონული სახით უნდა მიმართოს სააგენტოს და წარადგინოს შესაბამისი დანართებით გათვალისწინებული ინფორმაცია და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. შრომის ნებართვის გახანგძლივების შესახებ განაცახადი პრაქტიკულად პირველადი შრომის ნებართვის მიღების განაცხადის პროცედურის იდენტურია.

  • D1 კატეგორიის ვიზის და შრომითი ბინადრობის საფუძველზე გაცემული შრომის ნებართვების გახანგრძლივება პირველი 5 წლის განმავლობაში შეიძლება - ყოველ წელს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ შრომის ნებართვა ზედიზედ 5 წლის განმავლობაში უწყვეტად გახანგრძლივდა - შემდგომ მისი გახანგრძლივება შეიძლება 1-დან 5 წლამდე ვადით.


პროფესიული/შრომითი საქმიანობები, რომლებზე სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია წლიური კვოტები

  • შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;

  • შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;

  • შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;

  • შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.

(01.03.2026 წლის მდგომარეობით)


საკანონდებლო ვადები გარდამავალ პერიოდში

  • იმ შრომითი მიგრანტებისათვის, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით უკვე ახორციელებენ შრომით / სამეწარმეო საქმიანობას (იგულისხმება თვითდასაქმებული ინდივიდუალური მეწარმეები) - მათთვის კანონის მოთხოვნები ამოქმედდება 2026 წლის 1 მაისიდან

  • შრომითი მიგრანტები, რომლებიც შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში არიან ადგილობრივ დამსაქმებელთან და 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით აქტიური სტატუსი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე www.Labourmigration.moh.gov.ge - მათთვის და მათი დამსაქმებლებისთვის კანონის მოთხოვნები ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან


ონლაინ კონსულტაცია

დაჯავშნეთ ფასიანი ონლაინ კონსულტაცია ახლავე ქვემოთ მითითებული ჯავშნის სერვისის გამოყენებით.


Work Permit Online Consultation
$100.00
30min
Book Now

 
 
 

Comments


bottom of page